აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ჟან მონეს საზაფხულო სკოლის - „კონსტიტუციური დემოკრატია ევროკავშირში: თანამედროვე გამოწვევები“ მონაწილეებს შეხვდა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე ოთხდღიანი სკოლის მიზანია, ახალგაზრდებს მისცეს საბაზისო ცოდნა ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროინტეგრაციის, ჩვენს ქვეყანაში ევროინტეგრაციის კუთხით არსებული მექანიზმებისა და პროცესების შესახებ და მასში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 50-მდე სტუდენტი მონაწილეობს.
საზაფხულო სკოლის პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა, კანონშემოქმედების ძირითადი პრინციპები, სტრუქტურა და სპეციფიკა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ გააცნო. დავით გაბაიძემ ასევე ისაუბრა კონსტიტუციური სამართლის საკითხებზე და უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი - მალხაზ ნაკაშიძე, სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი - ომარ ფარტენაძე.