აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ შერჩეული თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციები დასრულდა.
გიორგი მარგველაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს - დავით გაბაიძეს, საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობას, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს ინდივიდუალურად, დახურულ ფორმატში შეხვდა.
დავით გაბაიძის განცხადებით, უმრავლესობის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს შერჩეულ კანდიდატთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და არგუმენტები გააცნეს.
განათლება, სამუშაო გამოცდილება, პიროვნული თვისებები, ის კრიტერიუმებია, რომელთა მიხედვითაც არჩევანი თორნიკე რიჟვაძეზე შევაჩერეთ. ცხადია, პრეზიდენტს ანალიზისათვის გარკვეული დრო დასჭირდება და ის თავად გააკეთებს შესაბამის განცხადებასაც, - აღნიშნა დავით გაბაიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტს კანდიდატის წარსადგენად კანონით მინიჭებული ორკვიარიანი ვადა აქვს.
კონსულტაციების დასრულების შემდეგ, მედიისთვის კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
გავეცანი ყველა პოლიტიკური სუბიექტის მოსაზრებას და კანდიდატის შერჩევის პროცესში ვარ. ჯერჯერობით, წარმოდგენილია მხოლოდ ერთი - თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა და მე მას აუცილებლად შევხვდები. მზად ვარ შევხვდე და გავესაუბრო სხვა კანდიდატსაც, თუკი ოპოზიცია მას წარმოადგენს, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტთან ერთად უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში.