საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

24.ნოემბერი.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე ბათუმის ბულვარის მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. კონფერენციის თემა იყო „რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“.

ორდღიანმა ღონისძიებამ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, ადგილობრივი უწყებებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები გააერთიანა. მისი მიზანი რეკრეაციული სივრცეების მართვის მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა იყო.

კონფერენციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა გამწვანების თანამედროვე ტენდენციებზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, აღდგენისა და განახლების საკითხებზე. მონაწილეები ასევე გაეცნენ ბათუმის ბულვარში მოწყობილ ახალ რეკრეაციულ სივრცეებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას, ლანდშაფტის არქიტექტურის მნიშვნელობას, ასევე რეკრეაციული სივრცეების დაგეგმვისა და მოვლის პრაქტიკულ გამოცდილებას.

ღონისძიების პროგრამა თემატურ სემინარებსაც მოიცავდა, რომლებიც პარკების განვითარების კონცეფციებისა და მათი მოვლის ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავებას დაეთმო.

კონფერენციის მეორე დღეს პრაქტიკული ვორქშოფი გაიმართა, რომელშიც ბათუმის ბულვარის გამწვანების სამსახურის თანამშრომლები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ბულვარში განხორციელებულ სამუშაოებს, მწვანე ნარგავების განთავსებისა და ისტორიული ხეების მოვლა-პატრონობის მიმართულებით არსებულ გამოცდილებასა და პრაქტიკას.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სპეციალისტები ბულგარეთიდან, ესპანეთიდან, ფინეთიდან და თურქეთიდან.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, მოწვეული სტუმრები და დარგის სპეციალისტები.

სურათები