ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მეთოთხმეტედ საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ღონისძიება ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძესთან, ქალაქ ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან , აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„აჭარა ისტორიულად და დღესაც ცივილიზაციათა შეხვედრის ადგილია. ამ პროცესში კულტურას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მსგავსი ფესტივალები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კულტურული, არამედ პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ისინი ხელს უწყობს რეგიონის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას, ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და არსებული კავშირების გაღრმავებას.
ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ხელისუფლება და საზოგადოება მზად ვართ, აქტიური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს რეგიონში მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის ფესტივალების ჩატარებას. ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა აჭარის კულტურული პოტენციალის წარმოსაჩენად და საერთაშორისო თანამშრომლობის გასაღრმავებლად“, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ იაპონელი პიანისტი ტოშიკი უსუი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა. საღამოს მუსიკალურ პროგრამაში კლასიკური მუსიკის გამორჩეული ნაწარმოებები შესრულდა.
ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 2012 წლიდან UNESCO-ს მშვიდობის არტისტის, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის „ლირას“ ორგანიზებით იმართება და UNESCO-ს მაღალი პატრონაჟით ტარდება.
ფესტივალის მიზანია კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერა, საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრის, წარმოჩენა. საკონცერტო საღამოებთან ერთად, ფესტივალის პროგრამა საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და საერთაშორისო მუსიკოსების მასტერკლასებსაც მოიცავს.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, ბათუმის მერია და იაპონიის საელჩო საქართველოში.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.




















