აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, კულტურის მინისტრთან ელისო ბოლქვაძესა და საქართველოში იაპონიის ელჩ იშიძუკა ჰიდეკთან ერთად, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბათუმის სამუსიკო სასწავლებლისთვის მუსიკალური ინსტრუმენტების ოფიციალურად გადაცემის ცერემონიას დაესწრო.
პროექტი იაპონიის მთავრობის კულტურის სფეროში საგრანტო დახმარების პროგრამის (Japanese Grant Assistance for Cultural Grassroots Programs) ფარგლებში განხორციელდა. შედეგად, სასწავლებელს იაპონური ბრენდის KAWAI-ს 15 პიანინო და ერთი როიალი გადაეცა.
„მსგავსი გრანტის გამოყოფა ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს იაპონიის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იაპონიის საელჩოს და პირადად ელჩს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართულ-იაპონური ურთიერთობების განმტკიცებაში.
ვაფასებ ქალბატონი ელისო ბოლქვაძის გაწეულ შრომასა და ძალისხმევას საერთაშორისო კავშირების გაღრმავების საქმეში, რასაც ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ ახალგაზრდას, რომელიც ამ უნიკალური შესაძლებლობით ისარგებლებს. მჯერა, ეს იმ მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყისია, რომელზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ KAWAI Europa GmbH-ის პრეზიდენტი ნორიკაზუ ტაკადა, საერთაშორისო აღიარების მქონე იაპონელი პიანისტი და სიღნაღის საპატიო მოქალაქე მაესტრო ტოშიკი უსუი, სამუსიკო სასწავლებლის, კულტურის სფეროსა და საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ახალი ინსტრუმენტები ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მუსიკოსების პროფესიულ განვითარებას, გააძლიერებს რეგიონში მუსიკალური განათლების შესაძლებლობებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კულტურული ცხოვრების განვითარებაში.
პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და იაპონიას შორის კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებისა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების მიმართულებით.













