საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

19.აგვისტო.2026

შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან - დენის სალუქვაძესთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველ მოადგილესთან - თამარ შარაშიძეთან ერთად, ზღვის წყლის სინჯების აღების პროცესს დაესწრო. 

აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ხარისხის უწყვეტ რეჟიმში კვლევა მოსახლეობისა და დამსვენებლების უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი მდგომარეობის კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია. გარემოს ეროვნული სააგენტო ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს, ყოველთვიურად, 14 წერტილში ახორციელებს, რის შედეგადაც განისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები.

გარდა ამისა, აჭარის სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან თანამშრომლობით, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს, ყოველ ათ დღეში ერთხელ, სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე, შვიდ საკვლევ წერტილში ახორციელებს. კვლევები მოიცავს: ბათუმის ცენტრალურ პლაჟს, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიას, კვარიათს, სარფს, ქობულეთის ცენტრალურ პლაჟს, ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორიასა და მწვანე კონცხს.

კვლევები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. საკურორტო სეზონის განმავლობაში სულ 98 სინჯის აღებაა დაგეგმილი. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, ამ ეტაპზე ზღვის წყლის ხარისხი სანაპირო ზოლის შერჩეულ შვიდივე წერტილში დასაშვები ნორმების ფარგლებშია.

 

სურათები