საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

21.ივლისი.2026

აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას დაესწრნენ.

კონფერენციაზე ცოტნე ანანიძემ ღონისძიების მნიშვნელობასა და ქვეყნის განვითარებაში მეცნიერების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

„განათლების რეფორმამ ნათლად წარმოაჩინა განათლებისა და მეცნიერების მიმართ გააზრებული და პროფესიონალური მიდგომის მნიშვნელობა. მადლობას ვუხდი საქართველოს ეროვნულ აკადემიას და მის წევრებს მეცნიერების განვითარებასა და ახალი თაობებისთვის ცოდნის გაზიარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
თანამედროვე სახელმწიფოს განვითარება ძლიერი მეცნიერების გარეშე შეუძლებელია. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ კონფერენციაზე ისტორიულ ჭრილში განხილული იქნა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე, რომელიც საქართველოს ისტორიისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ მემკვიდრეობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს სახელმწიფოებრიობის, განათლების, მეცნიერებისა და ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში “, — განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა - ტიტე აროშიძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა.
ღონისძიება მკვლევართა დაჯილდოებით დასრულდა. ცერემონიას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აკადემიური წრეებისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია სამ თემატურ სექციაში გაიმართა: „ქრისტიანული მემკვიდრეობა და ეროვნული იდენტობა“, „ზუსტი მეცნიერებების სწავლების თანამედროვე გამოწვევები“ და „აგრარული მეცნიერებები, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება“.
კონფერენციის მიზანი იყო ეროვნული მეცნიერების განვითარების თანამედროვე ტენდენციების განხილვა, სამეცნიერო მიღწევების წარმოჩენა, მეცნიერებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.

სურათები