ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, აჭარის ხელოვნების მუზეუმში, თვითნასწავლი ლაზი მხატვრისა და პოეტის - ხასან ჰელიმიშის მემორიალური გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
„ხელოვნებათმცოდნეები მას ფიროსმანსაც ადარებდნენ. ხასან ჰელიმიში იყო იმ მძიმე ტვირთის მატარებელი, რასაც საბჭოთა რეპრესიები ერქვა. უმნიშვნელოვანესია მსგავსი გამოფენები ასეთი პიროვნებების წარმოჩენისთვის. ვიცით, რომ მისი ბიოგრაფია დაკავშირებული იყო საქართველოსთან. ერთია ნიჭიერება, რომელიც ღმერთისგან ეძლევა ადამიანს, მაგრამ კიდევ უფრო დასაფასებელია, როცა ამ ნიჭს შენს ქვეყანას უძღვნი“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი - მინდია დიასამიძე, რომელმაც ხელოვანის შემოქმედების წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზატორებს.
ლაზურ ტრადიციებზე აღზრდილი მხატვარი, პოეზიის მსახური იყო ბავშვობიდან - ის ლექსებს ქართულად, ლაზურად და თურქულად წერდა, გატაცებული იყო ქორეოგრაფიით. მისი ნახატები, ძირითადად, ლაზურ ყოფით მოტივებზე იქმნებოდა, საუკეთესო ნამუშევრები კი, თავიანთი მხატვრულ–გამომსახველობითი ოსტატობით, სპეციალისტთა შეფასებით, ნიკო ფიროსმანის ნახატებს უახლოვდება.
გამოფენის გახსნის ღონისძიებას, რომელიც ხელოვანის გარდაცვალებიდან 50 წლისთავს ეძღვნება, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ფატი ხალვაში, დავით თედორაძე, ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი - ელისო ბოლქვაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე - სოფიო ბაკურიძე, აღმასრულებელი ხელისუფლების, სახელოვნებო წრეებისა და მხატვრის შემოქმედების თაყვანისმცემლები დაესწრნენ.
ხასან ჰელიმიშმა (1907–1976), როგორც პოეტმა და თვითნასწავლმა მხატვარმა, თავისი შემოქმედებით მოგვიანებით მიიქცია ყურადღება - მისი ნახატების პირველი გამოფენა თბილისში, 1975 წელს მოეწყო. ლაზი მხატვრის ფერწერული ნამუშევრები დაცულია სარფის საშუალო სკოლის საექსპოზიციო დარბაზში, ასევე სხვადასხვა კერძო კოლექციაში. გამოფენა 24 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.





























